კომუნიკაციების კომისია ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ჩოხატაურის 11 სოფელში იწყებს
04 მაი. 2023
3284 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის სამიზნე სოფლების წარმომადგენლებთან ჩაატარა. სამიზნე სოფლებში, მათ შორის:  ბჟოლიეთში, ბურნათში, ვაზიანში, ზოტში, კოხნარში, საჭამიასერში, ქვაბღაში, ქვემო ხეთში, ჩხაკაურაში, ხევსა და ნაბეღლავში სემინარები მაისის თვეში დაიწყება და ადგილობრივებს ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის შექმნასა და გამოყენებას, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან ერთად, მათ საჭიროებებზე მორგებულ თემატურ საკითხებს შეასწავლის.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ LOG-IN GEORGIA-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და მიზნად საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის სწორად და ეფექტიანად გამოყენების სწავლებას ისახავს. პროგრამა ასევე მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდა.