სახელმძღვანელო - "გამარჯობა, რუბი"
01 იან. 2024
49 ნახვა
გამარჯობა რუბი

“გამარჯობა, რუბი” წარმოადგენს ფინური საგანმანათლებლო წიგნების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს II-VI კლასის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საწყისი ცოდნის ჩამოყალიბებას, პარალელურად კი კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას. წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს მიიღო. იმავე პერიოდიდან ინიციატივა მედიაწიგნიერებისა და ციფრული განათლების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსად ჩამოყალიბდა.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, წიგნის ავტორი ლინდა ლიუკასი საქართველოში 2019 და 2023 წლებში იმყოფებოდა, ამ პერიოდში მან ქართველი პედაგოგები “გამარჯობა, რუბის" უნიკალური სწავლების მეთოდოლოგიაში თავად გადაამზადა. 2024 წლიდან კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, “გამარჯობა, რუბის” სახელმძღვანელოები ქვეყნის ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

2025 წელს, ინიციატივის ფარგლებში, გაგრძელდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში  დარგობრივი მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერა. კომუნიკაციების კომისიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა ვებინარებისა და სემინარების სერია, რომლის ფარგლებშიც ლინდა ლიუკასის მიერ გადამზადებულმა ტექნოლოგიების ქოუჩებმა “გამარჯობა, რუბის” სახელმძღვანელოს გამოყენებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების საკითხებზე 400-მდე მასწავლებელი გადაამზადეს. გადამზადების ღონისძიებები ჩატარდა ქვეყნის 21 რეგიონში, რაც ინიციატივის ფართო გეოგრაფიულ დაფარვას ადასტურებს.

გადამზადებულ მასწავლებლებსა და სკოლებს გადაეცათ “გამარჯობა, რუბის” სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები, რომელთა ინტეგრირება მიმდინარეობს სასკოლო საგაკვეთილო პროცესში. ამასთან, ტექნოლოგიების ქოუჩები განაგრძობენ მასწავლებლების მხარდაჭერას სახელმძღვანელოს ეფექტიანი დანერგვის მიზნით.

2025 წლის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სკოლებისთვის გამოსცა “გამარჯობა, რუბის” 20,000 სახელმძღვანელო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 1300-მდე სკოლა იყენებს, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების დამხმარე რესურსს. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ სახელმძღვანელო საქართველოს საჯარო სკოლების დაახლოებით 60%-ში იქნება ინტეგრირებული, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსწავლეებში პროგრამირების და ციფრული უნარების განვითარებას.

"გამარჯობა, რუბის" შესახებ დეტალური ინფორმაცია, სავარჯიშოები და ამხსნელი ვიდეოები იხილეთ ბმულზე: https://www.helloruby.com/