ComCom-მა ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
16 ივლ. 2025
21 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და როლის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრებზე განხილული იყო ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა, დეზინფორმაციის გავრცელების ტექნიკები, ასევე, ტროლებისა და ბოტების გარჩევის ხერხები. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ როგორც პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიებისა თუ დეზინფორმაციის საფრთხეებს, ისე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. შეხვედრები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა გუნდური დავალების შესრულების გზით კონკრეტული მაგალითების ანალიზსა და განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.