თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მედიაწიგნიერება კრიტიკულ უნარს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციის სწორად აღქმასა და პასუხისმგებლიან მოხმარებაში ეხმარება. ამ მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წელს პირველად გამოაცხადა "მედიაწიგნიერების ოლიმპიადა," რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციასთან გამკლავების ცოდნის/პრაქტიკული უნარების განვითარებას.
2024 წელს, ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეეძლოთ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე "როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?" და ნამუშევარი საკონკურსო პერიოდში კომუნიკაციების კომისიისთვის წარედგინათ. ხოლო 2025 წელს, კონკურსის თემატიკა იყო "ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევა თუ შესაძლებლობა?".
"მედიაწიგნიერების ოლიმპიადის" ფარგლებში მიღებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური აფასებს და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე კრეატიული და ინფორმაციული ნაშრომის მქონე ორი გამარჯვებული სკოლა ვლინდება. კომუნიკაციების კომისია გამარჯვებული გუნდების სკოლებს თანამედროვე მედიალაბორატორიას გადასცემს, რომელიც ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს მოიცავს, როგორიცაა ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მიკროფონი, LED განათება, მობილურის შტატივი, ასევე, მედიაწიგნიერების ბანერი და სამუშაო მაგიდა.
გარდა ამისა, ათი საუკეთესო ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე (https://mediatsigniereba.ge/) განთავსდება, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.
აღნიშნული ინიციატივა კომუნიკაციების კომისიის სტრატეგიის ფარგლებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მიზანიც სასკოლო საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარება და ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის მედიის პასუხისმგებლიანი მოხმარების ხელშეწყობაა.



